ახალი 2019-2020 სასწავლო წელი საქართველოს სასწავლო ცენტრ ჯი-ელ-სის სკოლისთვის ტრადიციულად სიახლეებით დატვირთული იქნება, სწორედ ამიტომაც პედაგოგიური კოლექტივი უკვე აგვისტოს ბოლოდან იწყებს მზადებას სასემინარო მუშაობით. ამჯერადაც  ქობულეთში, საქართველოს სასწავლო ცენტრ ჯი-ელ-სის ბაზაზე თბილისელი და ზუგდიდელი კოლეგებისათვის ჩვეული სასიამოვნო სამუშაო გარემო შეიქმნა. საზაფხულო სემინარები  6 დღე მიმდინარეობდა ყველა საგნობრივი ჯგუფის მონაწილეობით. სემინარს ხელმძღვანელობდა სკოლის აკადემიური დირექტორი ირმა ავალიანი. სემინარზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სწავლა/სწავლების მიდგომები, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და კონსტრუქტივიზმი, დიფერენცირებული სწავლება და მეთოდოლოგია, სასწავლო პროგრამების თემატური დაგეგმარება და  ახალი პერსპექტივები, განმავითარებელი შეფასების როლი სწავლებისას, პირველი გაკვეთილის ფენომენი და მისი ეფექტურად გამოყენება. მონაწილეებმა შექმნეს აქტივობათა ბაზა, დაგეგმეს აქტივობები სირთულის გრადაციით კლასის  ორგანიზების ყველა ფორმის გათვალისწინებით. მასწავლებლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა პროექტ ‘’ახალი სკოლის მოდელის’’გაცნობა. ტექნოლოგიების ექსპერტმა, წამყვანმა მასწავლებელმა, ჟანა ბელქანიამ წარადგინა პროექტის მიზნები, სამუშაო მიმართულებები, განხორციელების მექანიზმი, სამუშაო ინსტრუმენტები. მასწავლებლები  გაეცნენ ელექტრონულ პლატფორმას plickers და თავადაც მოსინჯეს მისი შესაძლებლობები. მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სასემინარო მუშაობა მათ პროფესიულ განვითარებას ხელს უწყობს და თანამშრომლობით კულტურას კიდევ უფრო აძლიერებს. შორენა ჯიშკარიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი : ’’ სემინარის ყველა აქტივობა იყო წინასწარ მოფიქრებული და გაწერილი, სესიები აგებული იყო კვალიფიციურად, საინტერესოდ. ასეთი სასარგებლო და სასიამოვნო შეხვედრები ყოველთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი სასწავლო წლის დასაწყისში“. ინგა ხუციშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი : ‘’სემინარზე მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება  მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში, ინტერაქტიულ სწავლებაში. მსგავსი შეხვედრების დაგეგმვა ხელს უწყობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებას, კომუნიკაციის გააქტიურებას და სასწავლო პროცესის წარმატების საწინდარი ხდება.’’ ნინო ფცქიალაძე, სახვითი ხელოვნების მასწავლებელი: ‘’ჩემთვის არსებითი იყო თეორიული მოცემულობების განხილვა პრაქტიკულ ასპექტში. კერძოდ,  როგორ შეიძლება დაინერგოს  სასკოლო სივრცეში  თითოეული საგანმანათლებლო ტერმინის შესაბამისი კონკრეტული აქტივობა.საინტერესო იყო გაკვეთილების დაგეგმვის ტექნიკები სასწავლო მიზანთან კავშირში. მომეწონა, რომ მასწავლებელს კიდევ უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება ეძლევა.’’ ნესტან ყალიჩავა, ზუგდიდის განყოფილების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ‘’მე წელს შევუერთდი ჯი-ელ-სის სკოლის გუნდს. ჩემთვის ახლა უფრო ნათელი გახდა, რა პრიორიტეტებს ანიჭებს ჯი-ელ-სის სკოლა უპირატესობას, გავიცანი კოლეგები, რომელთა პროფესიონალიზმში სასემინარო მუშაობის შემდეგ უკვე დავრწმუნდი. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო შეხვედრა  გველოდება  მომავალში.’’ხათუნა კირვალიძე, დაწყებითი საფეხურის მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი:’’ჩემთვის, როგორც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლისათვის, განსაკუთრებით აქტუალურია სწავლების დაგეგმვა კონსტრუქტივიზის პრინციპით, დიფერენცირებული სწავლება ჩემი პრაქტიკის მთავარი სტატეგიაა. საინტერესო სიახლე აღმოჩნდა  გაკვეთილებზე ისეთი ელექტრონული რესურსის გამოყენება, როგორიც plickers -ის ქვიზებია. სწორედ ასეთი ციფრული ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად შევამოწმოთ მოსწავლის გაგება/გააზრების დონე ინდივიდუალურად კონკრეტული საკითხის სწავლებისას. ვფიქრობ, სემინარზე განხილული აქტივობები პროფესიული განვითარების მიმართულებით ჩემთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია’’. ნინო კიკალიშვილი, გერმანული ენის მასწავლებელი: ‘’ქობულეთის სემინარები ჩემთვის იქცა საოცარი კოოპერაციისა და თანამშრომლობის, ახლის დასწავლისა და მისი პრაქტიკაში განხორციელების გზების ძიების კვირად’’. თამარ ქავთარაძე, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი: ‘’  ყველაზე საქმიანი, აკადემიური, სიახლეებით დატვირთული, საზაფხულო სემინარების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი და ამავე დროს სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა ჩვენი წლევანდელი სამუშაო შეხვედრები ქობულეთში.“