1.მოსწავლეთა ჩართულობა 2025-2026

მოსწავლეთა მონაწილეობა სკოლის დემოკრატიულ მმართველობაში

სახელმძღვანელო ინსტრუქცია

პრეამბულა: საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბება სკოლის საქმიანობის  მნიშველოვანი ასპექტია. მთელი პროცესის საუკეთესოდ წარმართვაში სკოლა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სკოლის დემოკრატიულ მმართველობაში მოსწავლეთა მონაწილეობას. პრაქტიკული გზამკვლევი და სკოლის მოსწავლეთა მაღალი მორალი და მოქალაქეობრივი თვითშეგნება სკოლის სახელმძღვანელო ინსტრუქციის შემუშავებაში ჩვენი ძირითადი დასაყრდენია. ამ ინსტრუქციის რეალურ საქმიანობაში გადატანა კი, რეალური შედეგების გარანტი.

მიზანი:   სასკოლო საზოგადოების წევრებმა – მშობლებმა, მასწავლებლებმა, სკოლების ლიდერებმა, მოსწავლეებმა – შეგნებულად გავაცნობიეროთ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა სასკოლო ცხოვრების დემოკრატიული მართვის პროცესის გაუმჯობესებაში და, რაც უმთავრესია, როგორ შევუქმნათ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ნამდვილი მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები, კერძოდ, სასკოლო პოლიტიკის პროცედურები, რეგულაციები, მოსწავლეთა ჩართვა სკოლის სტრუქტურულ ერთეულებში და მათთვის მართვის წარმომადგენლობით-კოლეგიალური ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა, უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემო, პოზიტიური სასკოლო კლიმატი, მონაწილეობით პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასკოლო ორგანიზაციული კულტურა, მოტივაცია და სხვა.

მონაწილეობის უფლება: მოსწავლეთა მონაწილეობა გულისხმობს მოსწავლეების უფლებას, მონაწი­ლეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრების იმ ასპექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებათ:

  • კურიკულუმის, მისი შინაარსის, მიზნისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმა­ციის მიღების უფლება;
  • სწავლა-სწავლების მეთოდების არჩევანზე ზემოქმედების უფლება;
  • გამჭვირვალე შეფასებისა და მისი დასაბუთების მოთხოვნის უფლება;
  • კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, გასართობი და სამოხალისეო აქტივობების ორგანიზების უფლება;
  • სასკოლო ცხოვრების მარეგულირებელ ნორმებსა და პრინციპებზე ზემოქმე­დების უფლება;
  • წარმომადგენლის არჩევის უფლება, ასევე, გადაწყვეტილების მიმღები ორგა­ნოს წევრის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება.

მონაწილეობის დონეები:

მოსწავლეებისთვის დავალებების დარიგება და მათი ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რატომ და როგორ არიან ჩართულები პროექტში. მონაწილეობის ამ დონეზე ყველაფერს მასწავლებლები ან სხვა სკოლის უფროსი თანამშრომლები გეგმავენ, თუმცა მათმა მოსწავლეებმა იციან ამ აქტივობების მიზნები და იაზრებენ საერთო ამოცანას. ყველას შეუძლია მონაწილეობა, და არა მხოლოდ პასუხისმგებლობით, უნარებით ან ლიდერობისკენ მიდრეკილებით გამორჩეულ მოსწავლეებს.

მასწავლებლების ან სკოლის სხვა თანამშრომლების მიერ მოსწავლეებთან კონსულტაციისა და დიალოგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები. ეს დონე ძალიან ჰგავს წინას – ყველაფერს ისევ მასწავლებლები ან სკოლის სხვა თანამშრომლები გეგმავენ და აცნობებენ მოსწავლეებს აქტივობების ან პროექტების მიზნებისა და მისი ეტაპების შესახებ. თუმცა, ამ შემთხვევაში, განსხვავება ის არის, რომ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან აზრი და შეხედულებები. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება და არჩევანი მაინც უფროსების გასაკეთებელია, ამ დონეზე მასწავლებლები და მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენასა და დიალოგის დაწყება-წარმართვას.

მოსწავლეთა ნამდვილი მონაწილეობის შუალედური დონე

მასწავლებლები ან სკოლის სხვა თანამშრომლები გამოთქვამენ ინიციატივას, მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღება მოსწავლეებთან ერთად. მონაწილეობის (თანამონაწილეობის) ამ დონეზე მოსწავლე­ების აზრები უკვე თანდათანობით ზემოქმედებს საკლასო ოთახში, სკოლასა თუ კონკრეტული პროექტის ფარგლებში მიღებულ გადა­წყვეტილებაზე. იმავდროულად, მოსწავლეები იწყებენ ამ გადაწყვე­ტილებების შედეგებზე პასუხისმგებლობის გაზიარებასაც. გამოიყენება მექანიზმები, რომლებიც მოსწავლეებს განხილვებში, საჭიროებათა შეფასებაში, დაგეგმვაში, განხორციელებასა და ამოცანების შეფასე­ბაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელები ამ დროს მენტორებისა და კურატორების როლებს ითავსებენ.

მოსწავლეების ნამდვილი მონაწილეობის მაღალი დონე

მოსწავლეები წარმოადგენენ ინიციატივას და ახორციელებენ მას.მონაწილეობის ამ დონეზე მოსწავლეებმა უკვე იციან, როგორ წარმო­ადგინონ ინიციატივა, გაავრცელონ ინფორმაცია, მიიღონ გადაწყვეტი­ლება, გაიზიარონ პასუხისმგებლობა, შეადგინონ და განახორციელონ გეგმა. მათი პროექტები სავსებით განხორციელებადია, რადგან მოსწა­ვლეები მანამდე ფორმირებული მოდელების შესაბამისად მოქმე­დებენ და მონაწილეობის წინა დონეებზე მიღებულ გამოცდილებას ეყრდნობიან. ზრდასრულები მეთვალყურეობენ მოსწავლეების აქტი­ვობას, მაგრამ მათი როლები მხოლოდ დაკვირვება-მხარდაჭერით შემოიფარგლებიან.

მოსწავლეები წამოაყენებენ ინიციატივას და გადაწყვეტილებებს იღებენ უფრო­სებთან ერთად.

ეს არის მონაწილეობის ყველაზე მაღალი დონე, სადაც საჭიროა ურთიერთპატივისცემა და ნდობა, რასაც საერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესი განაპირობებს. მოსწავლეები სრულად იყენებენ მონაწილეობისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებას, თუმცა, იმავდროულად, მასწავლებლებსაც სთხოვენ მონაწილეობას, როგორც თანასწორ პარტნიორებს, რადგან ცოდნას, გამოცდილებასა და მხარდაჭერას აფასებენ.

მოსწავლეთა ფორმალური მონაწილეობის ფორმები:

სკოლა გამიჯნულია ფორმალური მონაწილეობისაგან, აღიარებს და ახორციელებს მხოლოდ რეალურ მონაწილეობას  მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში, ასევე მოსწავლეთა წარმომადგენლობის მონაწილეობით ისეთ სტრუქტურულ ერთეულებში, როგორიცაა სკოლის დისციპლინური კომიტეტი,…

ფორმალური მონაწილეობის არცერთ ფორმას არ აქვს დადებითი გავლენა აქტივობებში ჩართულ მოსწავლეებზე. აქედან ისწა­ვლება მხოლოდ მორჩილება, ინიციატივის ნაკლებობა და ძალაუფლების მქონე პირისთვის სასურველი ქმედების განხორციელება. ამგვარი მონაწილეობის შედეგად, მოსწავლეები კარგავენ ინტერესს და აღარ სურთ მონაწილეობის მიღება. ხანდახან, გარეგნული დაკვირვებისას, რთულია გავმიჯნოთ მონაწილე­ობის რეალური / ნამდვილი და ფორმალური ფორმები, მაგრამ თუ ადამიანი აქტივობაშია ჩართული, განსხვავება მისთვის ნათელი იქნება.

მანიპულაცია. ეს არის მონაწილეობის ილუზორული ფორმა, როცა მოსწავლე ინსტრუმენტად აღიქმება და ისეთ აქტივობაშია ჩართული, რომლის მიზანიც არ ესმის. მოსწავლეები, ერთი შეხედვით, აქტიურები ჩანან, თუმცა, სინამდვილეში, ვიღაცის ინსტრუქციებს ბრმად მისდევენ. მათი შეხედულებები ერგება უფრო­სების მოსაზრებებს, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ.

დეკორაცია. ეს არის მონაწილეობის ფორმა, როცა მოსწავლეები საჯაროდ წარდგებიან აუდიტორიის წინაშე გარკვეული ღონისძიების, დადგმის, შეხვედრის ან სხვა სასკოლო აქტივობის დროს, თუმცა მათ აზრს არავინ ეკითხება. ასეთ დროს მოსწავლეები ფასადური მონაწილეობის სადემონსტრაციოდ სჭირდებათ.

ტოკენიზმი. ეს არის მონაწილეობის ფორმა, როცა მოსწავლეებს სთხოვენ, გამოხატონ შეხედულებები, მაგრამ ეს შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ რამდე­ნიმე რჩეულ მოსწავლეს. არჩევენ მოსწავლეებს, რომლებიც კარგ შთაბეჭდი­ლებას ტოვებენ – მომხიბლავს, კარგად აღზრდილს, ჭკვიანს, ენერგიულს ან აკადემიურად წარმატებულს. დანარჩენი მოსწავლეების ხმა არ ისმის.

მოსწავლეები შეიძლება ნამდვილ პარტნიორებად იქცნენ სკოლის მართვის საქმეში:

მოსწავლეებს შეუძლიათ სკოლის საკუთრებას მოუარონ. მოსწავლეები მონაწილეობენ საკლასო ოთახების, დერეფ­ნების, სათამაშო მოედნების, სპორტული დარბაზებისა და სხვა ადგილების კეთილმოწყობა-ათვისების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ უჩნდებათ მიკუთვნებულობის განცდა გარემოსთან, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ. ეს გრძნობა ცვლის მათ დამოკიდებულებას სკოლის საკუთრებასთან – მეტად ზრუნავენ, იცავენ, რეაგირებენ, როცა ხედავენ დაზიანების მცდელობას და ფიქრობენ მის გაუმჯობესებაზე.

 მოსწავლეებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სწავლის პროცესის ხარისხის გაუმჯო­ბესებას. მასწავლებლებს მოსწავლის აკადემიურ მიღწევებზე უდიდესი გავლენა აქვთ. სწორედ მოსწავლეები წარმოაჩენენ ყველაზე უკეთ, თუ რომელი მეთოდი და მიდგომა მუშაობს და რა არის გასაუმჯობესებელი. უკუკავშირის პროცესი ღია, გამჭვირვალე და მონაწილეობითია და  ინფორმაცია გამოიყენება გაუმჯობესებისთვის – არა ბრალდე­ბებისთვის.

 მოსწავლეებს შეუძლიათ, გაზარდონ სკოლაში უსაფრთხოების ხარისხი.

სკოლა მოსწავლეს უყურებს არა როგორც პრობლემების შემ­ქმნელს, არამედ როგორც პარტნიორს უსაფრთხო სასკოლო გარემოს ფორმი­რების პროცესში. მას შეუძლია დირექტორს პრობლემური ასპექტების შესახებ საკუთარი თვალთახედვა და ცოდნა პრევენციულად გაუზიაროს, შესთავაზოს გამოსავალი და, საბოლოოდ, სასკოლო უსაფრთხოების განმაპირობებლად იქცეს.

 მოსწავლეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ადგილობრივ თემთან თანამშრომლობის ხარისხი. თითოეული მოსწავლე  სკოლისა და თემის დამაკავშირებელ რეალურ რგოლს წარმოადგენს. სკოლის შესახებ საერთო შეხედულება ფორმირდება სწორედ სხვადასხვა მოსწავლის მონათხრობზე, მათ კეთილდღეობასა და მიღწევებზე დაყრდნობით. სხვადასხვა ინიციატივის, სამოხალისეო აქტივობის, საქველმოქმედო პროექტების საშუალებით, მოსწავლეები საზოგადოებაში სკოლის მნიშვნელობასა და იმიჯს ზრდიან.

სკოლის კოლეგიალური ორგანოების საქმიანობასა და სასკოლო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მოსწავლეთა მონაწილეობა

სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის მოსწავლეთა მონაწილეობის საკი­თხის მნიშვნელოვნების გაცნობა და ცნობიერების ამაღლება;

მოწყვლადი ჯგუფების (სსსმ, შშმ, ეთნიკური უმცირესობა, გენდერული ნიშნით, სოციალური ნიშნით და სხვა) საჭიროებების ანალიზი და მათი ჩართუ­ლობის გაზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

სკოლის დემოკრატიული მმართველობის/გადაწყვეტილების მიღების პრო­ცესებში მოსწავლეთა მონაწილეობის მიმართულებით სკოლის საქმიანობის თვითშეფასების ჯგუფის შექმნა და ხელმძღვანელობა;

გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოსწავლეთა ჩართულობის სამოქმედო გეგმის შემუშავება;

მონაწილეობითი ბიუჯეტირება – სკოლის ბიუჯეტის შემუშავე­ბის პროცესში მოსწავლეთა საჭიროებებზე გათვლილი თანხის განკარგვის ასპექტების შეთანხმება მოსწავლეთა საზოგადოებასთან / მოსწავლეთა თვი­თმმართველობასთან;

სკოლის განვითარების სტრატეგიის შემუშავების/გადასინჯვის პროცესში, მოსწავლეთა პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსწავლეთა გამოკითხვა;

სკოლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების/გადასინჯვის პრო­ცესში საკონსულტაციო შეხვედრების გამართვა მოსწავლეთა თვითმმართვე­ლობისა თუ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფებთან;

სკოლის შინაგანაწესის გადასინჯვა მოსწავლეთა მონაწილეობით;

მოსწავლეთა ჩართულობით, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შემუშავება.

სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას  – მოსწავლეთა მონაწილეობის მიმართულებით სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრა;

მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციონირების გაუმჯობესების საინია­ციატივო პაკეტის შემუშავება მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება.

ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებში მოსწავლეების მონაწილეობა

მოსწავლეთა როლის გაძლიერება სასწავლო მეთოდების შერჩევასა და სწავლა-სწავლების პროცესში მათი ჩართულობით

სასწავლო გეგმაში მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშემწყობი აქტივობების ასახვის სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება;

მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით, სკოლის არაფორმალური განათლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა.

მოსწავლეთა ინიციატივების წახალისება და ურთიერთანამშრომლობითი შეხვედრების ორგანიზება.

განხორციელება:

სკოლა ჯიელსის  მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულების შესაბამისად.

2.მშობელთა ინფორმირება და სასკოლო საქმიანობაში ჩართულობა 

წინამდებარე წესი არეგულირებს შპს საქართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯიელსის  (შემდგომში სკოლა) და მშობელს შორის ინფორმირების პროცესს, მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირებისა და სასკოლო ცხოვრებაში მისი მონაწილეობის  მექანიზმს.

მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოების დანარჩენს ნაწილზე – მასწავლებლებზე და მოსწავლეებზე. მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში, უკეთეს შედეგებს აღწევენ, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები და უფრო ხარისხიანად ასრულებენ დავალებებს, მათი დასწრების მაჩვენებელი უფრო მაღალია და კეთილგანწყობილი არიან სკოლის მიმართ.

 ზოგადი დებულებები

სკოლის მოსწავლის მშობლად/კანონიერ წარმომადგენლად პირი იწოდება მას შემდეგ, რაც სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის   გაფორმდება ხელშეკრულება და მოსწავლე ჩაირიცხება შესაბამის კლასში.

 მიზნები და ამოცანები

შვილის განათლების პროცესში მშობლის ჩართულობის მიზანია:

  • მოსწავლეებმა წარმატებით დაამთავრონ სკოლა და ჰქონდეთ სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობები;
  • მშობელი ჩაერთოს შვილის განათლებისა და აღზრდის პროცესში. ასევე, სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაში;
  • მშობელი სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას შვილის მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებდეს ზომებს მისი პრობლემების მოსაგვარებლად;
  • დაეხმაროს მასწავლებელს, მოსწავლის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის სისტემატურად მიღებაში;
  • სკოლამ მიიღოს მშობლებისგან მეტი მხარდაჭერა, შედეგად კი გაზარდოს თავისი ცნობადობა და იმიჯი საზოგადოებაში;
  • გაიზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი.

 მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებები:

  • მოსთხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილე პირებს მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
  • მონაწილეობა მიიღოს სასკოლო კურიკულუმის და სხვა სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავებაში;
  • მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ ორგანიზებულ შემეცნებით ან/და  გასართობ ღონისძიებებში;
  • სკოლასთან ერთად, ხელი შეუწყოს/შესთავაზოს და მონაწილეობა მიიღოს არაფორმალური განათლების აქტივობებში;
  • მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისა და სკოლის დირექციისგან/ადმინისტრაციისაგან სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია მისი შვილის სწავლა- განათლებასთან;
  • გაეცნოს სკოლის მუშაობის მარეგულირებელ დოკუმენტაციას
  • მოითხოვოს მოსწავლის ობიექტური შეფასება;
  • სისტემატიურად (სკოლის მიერ დადგენილი წესით) მოითხოვოს მისი შვილის შეფასების შესახებ ინფორმაცია საგნების მიხედვით;
  • მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე.
  • წარადგინოს კანდიდატურა და მონაწილეობა მიიღოს ,,მშობელთა კომიტეტის’’ არჩევნებში/მუშაობაში;
  • წარადგინოს თავისი კანდიდატურა და მონაწილეობა მიიღოს დისციპლინური კომიტეტის არჩევნებში.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

  • უზრუნველყოს შვილისათვის სწავლისა და აღზრდის ნორმალური პირობების შექმნა, უზრუნველყოს თავისი შვილი სასწავლო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით;
  • უზრუნველყოს მოსწავლის დასწრება გაკვეთილებსა და სავალდებულო სასკოლო ღონისძიებებზე;
  • გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში წინასწარ შეატყობინოს დამრიგებელს ან/და დირექციას
  • ხელი შეუწყოს შვილს სწავლაში და აკონტროლოს მისი მომზადების ხარისხი;
  • აქტიურად ითანამშრომლოს სკოლის მასწავლებლებთან და დირექციასთან/ადმინისტრაცისთან;
  • შეასრულოს ამ დებულებით, სკოლის შინაგანაწესით და დირექტორთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები;
  • შეასრულოს ხელშეკრულების მოთხოვნებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები სკოლის წინაშე;
  • აანაზღაუროს სკოლისათვის შვილის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი;
  • სკოლის დირექციასთან/ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ეთიკის ნორმები;
    • დაწყებითი კლასების (I-VI) მოსწავლის შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე რეგულარურად გაყვანის შემთხვევაში მიმართოს განცხადებით დირექტორს. ერთეულ შემთხვევაში შეათანხმოს დამრიგებელთან. ასევე ინფორმაცია მიაწოდოს დამრიგებელს სკოლიდან მოსწავლის წაყვანაზე უფლებამოსილი პირის შესახებ. ასევე მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს დირექტორს შვილის დამოუკიდებლად სკოლიდან სახლამდე წასვლის  თაობაზე (ამ შემთხვევაში თვითონ იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის დამოუკიდებლად გადაადგილებაზე);
    • გადამდები დაავადების შემთხვევაში სკოლაში არ მოიყვანოს მოსწავლე და დამრიგებელს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ;
    • სიცხის გადამოწმების შემდეგ 40С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში გონივრულ ვადაში გამოცხადდეს სკოლაში მოსწავლის სკოლიდან გასაყვანადდა უზრუნველყოს ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან 112-თან დაკავშირება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;
    • სკოლის ექიმს/ექთანს/დირექციას აცნობოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის, კერძოდ, ქრონიკული/გადამდები დაავადებისა და ალერგიის შესახებ.

მშობლის სკოლაში გამოცხადების წესი

 მშობელი სკოლაში ცხადდება სკოლის მიერ შემუშავებული განრიგის მიხედვით: კათედრის დღეებში: ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, დღის მე–2 ნახევარში – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ასევე სკოლის მიერ დადგენილი განრიგით-კათედრის დრეებში;

  • საჭიროების შემთხვევაში – დირექციის/ადმინისტრაციის, მოწვევით, ან დამრიგებლის ან საგნის მასწავლებლის მოწვევით(თანხმდება დირექტირთან);
  • თუ მშობელი საჭიროდ მიიჩნევს დამატებით რომელიმე საგნის მასწავლებელთან გასაუბრებას, ამ შემთხვევაში დამრიგებელი დირექტორთან შეთანხმების შემდგომ უზრუნველყოფს მათ შეხვედრას სკოლის მიერ დადგენილ დროს.

 

მშობლის ინფორმირების მექანიზმი

დირექცია/ადმინისტრაცია/თანამშრომლები

 იყენებენ:

  • სკოლის ვებგვერდს, ელექტრონულ ჟურნალს, სკოლის ოფიციალური ფეისბუკის გვერდს, მიმოწერას ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
  • დამრიგებელთა ორგანიზებულ შეხვედრებს და შეხვედრებს საჭიროების მიხედვით (საჭიროებს დირექციასთან შეთანხმებას);
  • მშობელთა კომიტეტისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებული სხდომებს;
  • ორშაბათის თათბირს დირექტორთან ყველა დამრიგებლისა და კათედრის ხელმძღვანელის, სკოლის ფსიქოლოგის, ექიმის, მონაწილეობით – 11:00 სთ – პირველი საფეხური,  14:20 სთ – მეორე და მესამე საფეხური;
  • მშობლების ჩართვას სასკოლო კურიკულუმის შემუშავების პროცესში;
  • დირექტორის შეხვედრები მშობლებთან მაისში წლის შედეგების შეჯამებისა და მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვისა და მომავალი სასწავლო წლისთვის საგნის მასწავლებელთა და დამრიგებელთა პრეზენტაციის მიზნით;
  • მშობლებთან ყოველკვირეულ შეხვედრებს კათედრებზე (14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში). მათი ინფორმირებისა და მოსწავლეთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, კერძოდ: სკოლაში მშობელთა ინფორმირებულობისათვის ჩანიშნული შეხვედრები კათედრის დღეებში, საგნების მიხედვით ნაწილდება შემდეგნაირად:

ოთხშაბათი – ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა,  გეოგრაფია, ჩვენი საქართველო, ბუნებისმეტყველება, სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება,  მუსიკა;

ხუთშაბათი – ინგლისური ენა, ისტორია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები, ბიოლოგია, ქიმია,  ფიზიკა, ხელოვნება,  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სპორტი.

სამახსოვროს მშობლებისათვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სემესტრის/წლის განმავლობაში სკოლის მიერ დაგეგმილი და განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

 სამახსოვროს საშუალების მშობლებს მიეწოდება  შემდეგი ინფორმაცია:

  • სკოლის სასწავლო წლის კალენდარი;
  • მუშაობის განრიგი;
  • ქცევისა და ჩაცმის რეგულაციები მოსწავლეთათვის;
  • მშობლებსა და სკოლას შორის ურთიერთობის  წესები;
  • დირექციისა და ადმინისტრაციის საკონტაქტო ნომრები;
  • სასწავლო პროცესის სრულყოფილად და უსაფრთხოდ მიმდინარეობისათვის მოსწავლისათვის აუცილებელი ძირითადი და დამხმარე საშუალებებისა და  პირადი ჰიგიენის ნივთების ჩამონათვალი, რომელითაც  მოსწავლეს უზრუნველყოფს მშობელი;
  • ინფორმაციას სკოლის ტრანსპორტის მარშუტისა და ტრანსპორტით მომსახურეობის საფასურთან/გადახდის წესთან დაკავშირებით;
  • სკოლაში არსებული წრეობრივი მომსახურების განრიგი და საფასური, წრის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • სასკოლო ღონისძიებებისა და ექსკურსიების განრიგი;
  • ინფორმაცია სწავლის საფასურის, გადახდის ვადებისა და წესის შესახებ, საბანკო რეკვიზიტები.

 კლასის დამრიგებელი

  • აცნობს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებებს და მოვალეობებს (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
  • არის შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • სკოლის მიერ დაწესებული განრიგის შესაბამისად მშობლებისთვის განკუთვნილ დროს (საინფორმაციო დღე მშობელთათვის) აწოდებს მშობელს ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ;
  • დროულად აწვდის ინფორმაციას მშობელს შვილის სწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, ხვდება, ეკონტაქტება დაინტერესებულ მშობელს და აწვდის მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
  • იკვლევსმოსწავლის მიერ ყოველი გაკვეთილის გაცდენის,ან გაკვეთილზე დაგვიანების მიზეზსდა აცნობებს მშობელსა და დირექციას;
  • ატარებს მშობელთა სავალდებულო კრებას სასწავლო წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს. საინფორმაციო და საორგანიზაციო საკითხების ინფორმირებისა და მოგვარების მიზნით
  • მშობელთა კრებისათვის ადგენს ინდივიდუალურ დღის წესრიგს, რომელსაც ათანხმებს სკოლის დირექტორთან
  • სასწავლო წლის დასაწყისშივე ახდენს მოსწავლისა და მშობლის ინფორმირებას მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების (ექსტერნის გამოცდების) შესახებ.

 დამრიგებელი  ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მშობელს/მოსწავლეს აწვდის ინფორმაციას და აცნობს შემდეგ  დოკუმენტებს:

  • სასკოლო სასწავლო გეგმას;
  • სასწავლო პროგრამებს;
  • შეფასების პროცედურებსა და კრიტერიუმებს;
  • სკოლის შინაგანაწესს;
  • მოსწავლის ქცევის კოდექსს;
  • სასკოლო კალენდარს;
  • საგაკვეთილო ცხრილს;
  • სკოლის მიერ მომზადებულ სამახსოვროს (სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს)

საგნის მასწავლებელი:

  • ახორციელებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების ანალიზს და ამზადებს მომავალი პერიოდის შეხვედრების თემატიკას დადგენილ დღეებში საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდებისთვის;
  • თანამშრომლომს სკოლის საინფორმაციო სამსახურთან და მონაწილეობს სკოლის ვებ-გვერდსა და ფეისბუკის გვერდზე გასავრცელებელი ინფორმაციის მომზადებაში, მომავალი პერიოდის სიახლეების თაობაზე მშობელთა, მოსწავლეთა და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებისათვის.

საგნობრივი კათედრა:

  • ახორციელებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების დაგეგმვას, ამისათვის იყენებს გასული პერიოდის ანალიზს, მასწავლებელთა წინადადებებს, დირექციის, სასწავლო ნაწილის, მშობელთა კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მოსაზრებებს,
  • ამზადებს მასალებს პედაგოგიური საბჭოსათვის.

 პედაგოგიური საბჭო:

ამტკიცებს მშობლებთან ყოველკვირეული შეხვედრების კალენდარს, იყენებს ამისათვის გასული პერიოდის ანალიზს, მასწავლებელთა წინადადებებს, დირექციის, სასწავლო ნაწილის, მშობელთა კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის მოსაზრებებს;

კონფიდენციალობის დაცვა

  • მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პირადი ურთიერთობების, დისციპლინის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი განხილვა საჯაროდ დაუშვებელია.
  • სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხების დაცვას პერსონალური მონაცემების დაცვის დებულების, მშობელსა და სკოლას შორის არსებული ურთიერთშეთანხმების (ფოტო და ვიდეომასალის გამოყენებაზე) ფორმის, შინაგანაწესისა და სკოლასა და მშობელს შორის არებული ხელშეკრულების საფუძველზე.