ჩემო ძვირფასებო,

 

მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს,  რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.

 

გასული  სასწავლო წელი ჩვენი  სკოლისათვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, სკოლამ თავისი ისტორიის მესამე ათწლეულში შეაბიჯა. წინა სასწავლო წელს ხომ თვალსაჩინო წარმატებებით, ბევრი  საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღვნიშნეთ სკოლის 20 წლის იუბილე.

 

ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი  თქვენ მიგიძღვით, ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. ამიტომაცაა, რომ სკოლა ფეხს უწყობს    ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამასთან ერთად ვითვალისწინებთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას.  შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი  მოსწავლეზე ორიენტირებული  სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე  ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის ჩვენს მასწავლებლებს!

მოგეხსენებათ, უკვე მეშვიდე წელია სკოლას აქვს გერმანული ენის სადიპლომო სკოლის სტატუსი და წელს მესამედ ჩავატარეთ გერმანული ენის სადიპლომო გამოცდა. პროგრამამ პირველივე წელს წარმატებით იმუშავა.  წარმატებები ყოველწლიურად უფრო მეტი და თვალსაჩინოა. გასულ სასწავლო წელს დიპლომები მიიღეს შემდეგმა მოსწავლეებმა: თამარ ალადაშვილმა, ნია თანდილაშვილმა, სალომე გოგიძემ, ლაშა სიხარულიძემ და თეო მაისაშვილმა.

მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მაჩვენებლებისათვის მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ გერმანული ენის პროგრამის ხელმძღვანელი დოდო ამაშუკელი, მასწავლებლები: ილონა დამმე, ნინო კიკალიშვილი და სოფიო ტაბაღუა.

გასული სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ჩაერთო TOEFL-ის  სასერტიფიკატო პროგრამაში.  პროგრამის მთავარი ამოცანაა მოსწავლეს გაუღვივოს უცხო ენისადმი სიყვარული და გამოუმუშავოს უნარი, რომ მიღებული ცოდნა აქტიურად გამოიყენოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, განუვითარდეს: სამეტყველო უნარები, განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი, გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი.

პროგრამა საშუალებას აძლევს როგორც მოსწავლეს, ასევე მშობელს, აკონტროლოს და თვალყური მიადევნოს მიღწევებსა და პროგრესს. სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლე აბარებს ორ ტესტს:  შუალედურ ტესტს  განმავითარებელი შეფასებით, რომელსაც მშობელი მიიღებს ელექტრონული ფოსტით და წლის ბოლოს, რომლის შედეგად მოსწავლე მიიღებს  საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც აღიარებულია 130 ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, კოლეჯებსა და სხვა საგანმანათლებლო  დაწესებულებებში.

ყოველ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა მაღალი აკადემიური შედეგებით ამთავრებს. თითოეული მათგანის წარმატება სკოლის წარმატებაა. ჩვენ სიამაყით ვაჯილდოვებთ ჩვენს ფრიადოსნებს.

სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგიური კოლექტივის მუხლჩაუხრელი შრომა ყველაზე მეტად მაინც კურსდამთავრებულების საატესტო და ეროვნული გამოცდების შედეგებში აისახება ხოლმე. წელსაც ჩვენმა აბიტურიენტებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს:  მათმა უმრავლესობამ გრანტი აიღო  და  სასურველი  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. დღეს ისინი ჩვენს სიხარულს უერთდებიან. მათ ამ წარმატებას ხომ სწორედ ჩვენს სკოლაში ჩაეყარა საფუძველი.

 

მოგეხსენებათ შრომას, თავდადებას, საქმის ერთგულებას, მომავალი თაობის აღზრდისა და წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბების საქმეში ჩადებულ წვლილს სათანადო შედეგი  და დაფასებაც მოსდევს ხოლმე, რისი გამოხატულებაცაა ის, რომ ჩვენი სკოლა დაჯილდოვდა „დარგის ლიდერის“ ორდენით, რომელიც მას 2016 წელს მიღწეული წარმატებებისათვის გადაეცა.

 

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც!

 

მარინა დეკანოიძე

სკოლის დირექტორი