პროექტი

შპს საქართველოს სასწავლო ცენტრის სკოლა ჯიელსის რეორგანიზაციის ძირითადი  მიმართულებები

  1. არსებული სასწავლო პროგრამების გაძლიერების მიმართულებით;
  2. სწავლებაში  ახალი პროგრამების   დანერგვის მიმართულებით;
  3. სკოლის გარეთ აქტივობების  მიმართულებით;
  4. ახალი სტრუქტურული ერთეულების ფორმირების მიმართულებით;
  5. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირებისა და განვითარების მიმართულებით;
  6. სკოლის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით.

თითოეული მიმართულებისათვის:

  • არსებული მდგომარეობის  აღწერა;
  • საჭიროების ფორმულირება;
  • რესურსი: არსებული და მოსაზიდი;
  • რეალიზების პერიოდი – ვადა;
  • რას მივიღებთ.
  1. არსებული სასწავლო პროგრამების გაძლიერების მიმართულებით

სკოლა ახორციელებს  უცხოური  ენების გაღრმავებულ სწავლებას.  სკოლაში საშინაო დავალებების შესრულება ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით, 15:00-დან 16:45-მდე, სავალდებულოა დაწყებითი სკოლის ყველა იმ მოსწავლისთვის, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ (გახანგრძლივებული საათების დროს) სკოლაში რჩებიან. ამ პერიოდში მოსწავლეებთან მე-3 და მე-4 კლასებში მუშაობენ გერმანული და ინგლისური ენის დამხმარე მასწავლებლები, მე-5 კლასში კი –  გერმანელი მოხალისე. სკოლას აქვს უცხოელ მასწავლებლებთან მუშაობის კარგი გამოცდილება გასულ წლებში.

ეს გარკვეულ დადებით შედეგებს იძლევა, მაგრამ 2-3 შეხვედრა მოსწავლეებთან საკმარისი არ არის უფრო სასურველი შედეგების მისაღებად.

უკეთესი ფინანსური შესაძლებლობის პირობებში შესაძლებელია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი სასწავლო გარემო გახდეს მეტად ინტენსიური.

ამ პირობებში სასწავლო გარემოში უცხოელი მასწავლებლების ჩართვა მეტი სიხშირით განხორციელდება, გამოიყოფა მეტი აკადემიური დროითი სივრცე, განხორციელდება უცხოენოვანი პროექტები, მეტად ინტენსიური გახდება უცხოურ პარტნიორ სკოლებთან ურთიერთობა ერთობლივი პროექტების განხორციელებით, მოეწყობა სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობები  ინგლისურ და გერმანულ ენაზე.

შედეგად მივიღებთ გაცილებით მაღალ აკადემიურ დონეს უცხო ენებში. ეს კი სკოლის  წარმატების და სკოლაზე მოთხოვნის ზრდის  ერთერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

  • სწავლებაში  ახალი პროგრამების   დანერგვის  მიმართულებით

სკოლაში წარმატებით მუშაობს გერმანული ენის სადიპლომო პროგრამა. ეს პროგრამა  საშუალებას აძლევს მოსწავლეებს სკოლაში ჩააბარონ საერთაშორისო გამოცდები და მიიღონ DSD I და DSD II  დიპლომები. ეს დიპლომები გაცემულია გერმანიის განათლების უწყების მიერ, არის აკადემიური და უვადო.  დიპლომირებულ კურსდამთავრებულებს ენის კომპეტენციის დადასტურების გარეშე შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ გერმანულენოვან ქვეყნებში უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში, მოიპოვონ სხვადასხვა დაფინანსება, მათ შორის DAAD-ის სტიპენდია, რომელის სრულად ფარავს ბაკალავრიატის ხარჯებს. დღემდე  DAAD-ის სტიპენდიანტი გახდა სკოლის  ორი კურსდამთავრებული.

სკოლა, როგორც ჰეიდელბერგის ენების აკადემიის აგენტი, შესაძლებლობა აქვს დაეხმაროს  და 2008 წლიდან ახორციელებს მოსწავლეების გერმანიაში ენების საზაფხულო სკოლაში გაგზავნას.

ინგლისური ენის გაღრმავებული სწავლების მიმართულებით სკოლა   ჩართულია   TOEFL-ის (Test of English as a Foreign Language)   სასერთიფიკატო    პროგრამაში. პროგრამის  მთავარი ამოცანაა მოსწავლეს  გაუღვივოს  უცხო ენისადმი სიყვარული  და გამოუმუშავოს მიღებული  ცოდნის  ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად  გამოიყენების უნარი, განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი); განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი; გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;

            TOEFL-ის სასერთიფიკაციო პროგრამაში ჩართულობა ეხმარება მოსწავლეს  გაიუმჯობესოს სამეტყველო უნარები. პროგრამა  საშუალებას აძლევს როგორც მოსწავლეს,  ასევე  მშობელს  აკონტროლოს და თვალყური მიადევნოს მიღწევებსა და პროგრესს.

სწორედ ამ პროგრამის შედეგები კარგ საფუძველს ქმნის სკოლა გადავიდეს განვითარების შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპზე. ეს არის  IB (International Baccalaureate), რომლის პროგრამასაც საქართველოში ახორციელებს მხოლოდ რამოდენიმე კერძო სკოლა – შპს ახალი სკოლა, შპს ევროპული სკოლა და შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა. ამ პროგრამაში ჩართვისათვის უდიდესი მნიშვნელობის რესურსია სკოლის რეორგანიზაცია და ხელმძღვანელობაში გამოცდილი პროფესიონალის ჩართვის ფაქტორი, რომელსაც ექნება პროექტი სკოლის პროგრამაში სრულყოფილად ჩართვისათვის. ეს პროგრამა გერმანული ენის სადიპლომო პროგრამასთან ერთად უპრეცენდენტოდ მაღალ კონკურენტულ დონეზე აიყვანს სკოლას.  განხორციელებას დასჭირდება ერთი სასწავლო წელი.

  • სკოლის გარეთ აქტივობების  მიმართულებით

სკოლას აქვს კარგი გამოცდილება სკოლის გარეთ აქტივობების მიმართულებით. ესაა:  ზაფხული და ზამთრის სასკოლო ბანაკი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სკოლებთან ურთიერთობა …

სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობები  ინგლისურ და გერმანულ ენაზე, პარტნიორ სკოლებთან და სხვა უცხოელ პარტნიორებთან საქმიანობის ინტენსივობის გაზრდა, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ერთობლივი პროექტების განხორციელება. ამისათვის საერთაშორისო განყოფილების გაძლიერება და მისი საქმიანობის დაგეგმვის სრულყოფა.  ეს კი ჩვენს მოსწავლეებს ადგილზე, პარტნიორ სკოლებში სტუმრობისას გააცნობს სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობებს სასურველი მიმართულებით, რაც სკოლის კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის ზრდისათვის მნიშვნელოვანი რესურსია. განხორციელებას დასჭირდება ერთი სასწავლო წელი.

  • ახალი სტრუქტურული ერთეულების ფორმირების მიმართულებით
  • ინგლისურ- და გერმანულენოვანი საბავშვო ბაღი. სკოლაში არის მოსამზადებელი, ე.წ. პრესქულის გამოცდილება. პრაქტიკიდან ნათელია, რომ მოსამზადებლის ყველა აღსაზრდელი სწავლას ჩვენს სკოლაში აგრძელებს. თბილისში არსებული კერძო საბავშვო ბაღები სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამას თავიანთი  5 წლის ბავშვებისათვის ახორციელებენ.  შესაბამისად, სკოლებში არსებული მოსამზადებელი ჯგუფები სასურველი  ზომით  არ იტვირთება. საკუთარი საბავშვო ბაღი, თუნდაც      3 წლის ასაკიდან, უზრუნველყოფს პირველკლასელთა სასურველი მომზადებისა და რაოდენობის კონტინგენტს. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის ფუნქციონირება თავისთავად მოგების გაზრდის საუკეთესო საშუალებაა, რაც სამომავლო პროექტების განხორციელებისა  და სისტემის განვითარებისათვის შესანიშნავი რესურსია.
  • სკოლის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, რომლის ქვეშ მოიაზრება სამედიცინო (სხვა მიმართულებებიც, რაც გადაწყდება მოთხოვნის ანალიზის შემდეგ) კოლეჯის ფორმირება. აქ დიდ როლს ითამაშებს სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ფაქტორია აგრეთვე ჰაიდელბერგის ენების აკადემიასთან, რომელსაც აქვს ექთნებისა და მომვლელების საგანმანათლებლო პროგრამები, პარტნიორული ურთიერთობის  გაღრმავება და უკვე  არსებული შეთანხმების შესაბამისად მომავალი სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. ეს უდავოდ გამოიწვევს სკოლის წარმატებას საგანმანათლებლო  კონტინგენტის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისად,  შემოსავლების ზრდის  მიმართულებით.
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირებისა და განვითარების მიმართულებით

პერსპექტიული განვითარების გეგმის შესაბამისად სკოლას სჭირდება:

  • თბილისში 600 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო შენობა. სტანდარტის შესაბამისად შენობის  სრული ფართობი  უნდა იყოს 2400 კვმ  ან  მეტი.  ეს მოცულობა ფარავს აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საჭიროებასაც.
  • საბავშვო ბაღისათვის თბილისში  80 ბავშვზე –  400  კვმ  ან  მეტი.
  • ზუგდიდის სკოლაში დაწყებითი საფეხურის ფორმირებისათვის 240 მოსწავლეზე გათვლილი 1000 კვმ სასკოლო შენობა შესაბამისი ფართის  მიწის ნაკვეთით ან ზუგდიდელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საკუთარი ფართის შეძენის სხვა ვარიანტებზე მუშაობით (არის კონკრეტული შეთავაზებები მათი მხრიდან).

შენობების მშენებლობისას სკოლა  იხელმძღვანელებს მოქმედი სტანდარტებით.

ამ მიზნისათვის სკოლას გააჩნია:

  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების კონცეპტუალური პროექტი;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სახელმწიფო სტანდარტი, მოწოდებული განათლების სამინისტროს მიერ;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის  გერმანული სახელმწიფო სტანდარტი;
  • თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განაცხადი სკოლისათვის მიწის შეძენაზე დადებითი ვიზირებით;
  • სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში  განაცხადი სკოლისათვის მიწის შეძენაზე;
  • მიმდინარეობს მოლაპარაკებები:  ახალ პარტნიორებთან, რომელთაც აქვთ   სერიოზული ფინანსური შესაძლებლობები. ამ მიზნით იგეგმება სკოლის რეორგანიზაცია პარტნიორებისა და სკოლის დირექტორის ცვლილების მიმართულებითაც.

სკოლას ჰყავს შედეგებზე ორიენტირებული მასწავლებელთა და თანამშრომელთა გუნდი როგორც თბილისის, ასევე ზუგდიდის სკოლაში. სასურველია მომავალმა პარტნიორმა გაითვალისწინოს გუნდის მაქსიმალური შემადგენლობის შენარჩუნება.

თავისი საქმიანობის ისტორიიდან გამომდინარე სკოლას არ უჭირს კვალიფიციური კადრების მოძიება და შენარჩუნება. მომავალი ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული კიდევ უფრო საიმედო გარემო სკოლაში საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნების  გარანტიაა.

  • სკოლის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით

აქ მთავარია სწორი რეკლამირება, საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ფორმების გამოყენება და რაც ყველაზე მთავარია, კორპორატიული მომხმარებლების ქსელის ჩამოყალიბება.

განხორციელება უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ფორმირებით, სასურველია ერთი ცნობადი სახის მონაწილეობით.

განხორციელების პერიოდი დაიწყება ჯგუფის ფორმირებისთანავე.

შედეგად ფორმირდება მოსწავლეთა სტაბილური და რაოდენობრივად მოცულობითი კონტინგენტი.

პროექტის შედგენაში მონაწილეობდა სასკოლო საზოგადოება: მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები

თბილისი,

აგვისტო, 2022 წელი