სამუშაო ბანაკების ევროპულ ორგანიზაციათა კავშირში (WC) ბევრი ასოცირებული წევრი ევროპული სივრცის საზღვრებს გარედან, შევიდა: მათ შორის, თურქეთი, კორეა, მექსიკა, კანადა, იაპონია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები – ბელორუსია, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, სომხეთი. საქართველო მათ რიცხვს ბოლო პერიოდში შეუერთდა.ერთ-ერთი პირველია GLC-ის სკოლა, რომლის მოსწავლეებიც წლების განმავლობაში მონაწილეობენ (WC) საზაფხულო ბანაკებში. ყოველ ზაფხულს მოსწავლეები მიემგზავრებიან საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, სომხეთში, პოლონეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში.
საზაფხულო ბანაკები (WC) თავისი მოღვაწეობით მოწოდებულია, რომ ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურათა ერთმანეთთან დაახლოებას, მეგობრობის გაძლიერებას და ახალგაზრდა თაობის მოქალაქეობრივ აქტიურობას.
ჩვენს ამოცანად მიგვაჩნია, რომ ხელი შევუწყოთ საერთაშორისო ნებაყოფლობით ახალგაზრდული პროგრამების პოპულარიზაციას საქართველოში.
ოცნება ამიხდა. . . ახლა უკვე მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაგარი სიზმარი იყო. . . ყველაფერი კი იმ აჟიოტაჟით დაიწყო, რაც სკოლაში გავრცელებულმა გერმანიაში წასვლასთან დაკავშირებულმა ამბავმა გამოიწვია. თავიდან წასვლის უამრავი მსურველი გამოიკვეთა, მაგრამ შემდეგ ბევრმა თავი აარიდა ბანაკში წასვლას (სხვადასხვა მიზეზთა გამო). ამით მათ დიდი შეცდომა დაუშვეს, რასაც დღესაც ნანობენ, მაგრამ რაღას უშველიან, ისღა დარჩენიათ ჩემი მონაყოლით დატკბნენ. ახლა კი მთავარზე, ჩემს შთაბეჭდილებებზე მოგახსენებთ. . . . . .(WC)-ის ერთ-ერთი მონაწილის, ივა გიგოშვილის შთაბეჭდილებები:
რას ველოდი. . . ? სიმართლე გითხრათ არც კი ვიცოდი რა მელოდა იქ. ცოტას ვნერვიულობდი კიდეც. ეს ჩემი პირველი ვოიაჟი იყო უცხოეთში, თანაც მშობლების გარეშე. მაგრამ ყველაფერი იმაზე უკეთესად მოხდა, რისი წარმოდგენაც შემეძლო.
წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს იმ ექსკურსიებმა, რომლებიც ჩატარდა ისეთ ცნობილ ქალაქებში როგორიცაა: ბერლინი, დრეზდენი, ვიტენბერგი და სხვა. . .
ასევე აღსანიშნევია ის თბილი დამოკიდებულება, რომელიც ბანაკელებს შორის სუფევდა და რომელიც დღესაც გრძელდება. (ახლა უკვე E-mail – ის საშუალებით). რამოდენიმე უცხოელმა: ესპანელმა, გერმანელმა, რუსმა უკვე გამოთქვა საქართველოში სტუმრობის სურვილი. ცნობილია, რომ ეს ბანაკი გახლდათ სამუშაო ე.წ. “Work – Camp”-ი. ბევრმა ბავშვმა სწორედ ამიტომ თქვა წასვლაზე უარი. ამ შემთხვევაშიც ცდებოდნენ, რადგან სამუშაო საკმაოდ მარტივი და იოლად შესასრულებელი იყო, სწორედ მუშაობის დროს მოხდა ჩვენი გაერთიანება ერთ გუნდად და ერთ დიდ ოჯახად.ქაღალდზე კარგად ვერ გადმოვეცი ის ემოცია, ის დადებითი მუხტი, რაც მე ამ ზაფხულს მივიღე და ვთვლი, რომ გავიარე ადამიანური ურთიერთობების, ერთმანეთის გატანის უდიდესი სკოლა.