ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო და კოლეგებო!
მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ, რომ ეს წელი კიდევ მეტი წარმატებების მომტანი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შემოაღებენ ჩვენი სკოლის კარს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.
ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ მიგიძღვით, პატივცემულო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. დიდი მადლობა ნდობისა და ჩვენი შრომის დაფასებისათვის!
ძვირფასო კოლეგებო! სკოლის კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა წელს უკვე 800-ზე მეტია! სრული 25 წელია თქვენი ღირსეული დამოკიდებულებით მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმისადმი სკოლა სასწაულებს ახდენს, რაც ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა მაღალრეიტინგულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის 100%-იანი მაჩვენებლით, სკოლის მოსწავლეთა წარმატებებით აისახება სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. წელსაც ჩვენმა აბიტურიენტებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს: მათმა უმრავლესობამ გრანტი აიღო და სასურველი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. მადლობა ყველა მასწავლებელს ამ დამოკიდებულებისათვის!
ყოველ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა მაღალი აკადემიური შედეგებით ამთავრებს. თითოეული მათგანის წარმატება სკოლის წარმატებაა. ჩვენ, ამჯერადაც, სიამაყით ვაჯილდოვებთ ჩვენს ფრიადოსნებს.
2020-2021 სასწავლო წელს ჯი-ელ-სელები კვლავ ახალი გამოწვევების წინაშე დადგებიან. მჯერა, რომ ჩვეული შემართებით ისინი ყველა სირთულეს ღირსეულად დაძლევენ.
კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც!
მარინა დეკანოიძე სკოლის დირექტორი